Myschool

თამარ ჩანქსელიანი — მშობლიური ენის სიყვარულით დაწყებული პროფესიული მისია 🇬🇪📚

თამარ ჩანქსელიანმა მშობლიური ქართული ენის განვითარება და პოპულარიზაცია საკუთარ პროფესიულ მისიად აქცია. მისთვის მასწავლებლობა მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის — ეს უწყვეტი განვითარება, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ქართული ენის სიყვარულის მომავალი თაობებისთვის გაზიარებაა. 💙💫

33 წლის თამარი ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელია. 

ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლაში მუშაობს და ამავდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების დოქტორანტია. ასევე, Key Consulting Global Education-ის საერთაშორისო ასოციაციის წევრია.

მისი პროფესიული გზა 22 წლის ასაკში, გარდაბნის მე-6 სკოლაში დაიწყო, სადაც პროგრამის — „ქართული ენა, როგორც მეორე ენა“ — ფარგლებში ასწავლიდა. აზერბაიჯანულ დასახლებაში ცხოვრებისას თამარს შესაძლებლობა მიეცა, უშუალოდ გაცნობოდა იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქართული ენის შესწავლის პროცესში აწყდებიან მოსწავლეები. ეს გამოცდილება მისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული ეტაპი აღმოჩნდა და კიდევ უფრო გაამყარა ქართული ენის სწავლებისა და გავრცელების მიმართ ინტერესი. 🇬🇪

მომდევნო წლებში თამარის საქმიანობა სხვადასხვა მნიშვნელოვან ინსტიტუციასა და საგანმანათლებლო სივრცეს დაუკავშირდა. მას უმუშავია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, საქართველოს პარლამენტში, კერძო სკოლა „ლაშარში“ და სკოლა-პანსიონ №200-ში. მრავალფეროვანმა გამოცდილებამ მას შესაძლებლობა მისცა, განათლების სფერო სხვადასხვა პერსპექტივიდან დაენახა და პროფესიული ცოდნა გაეღრმავებინა.

თამარი მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მონაწილეობს კონფერენციებში, საზაფხულო სკოლებსა და საგანმანათლებლო პროექტებში, არის სამეცნიერო სტატიების ავტორი და ჩართულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტში. წარმატებით აქვს ჩაბარებული ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული ენის, როგორც მეორე ენის, და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდები. 📚✨

მისი პედაგოგიური საქმიანობა მრავალფეროვანი და შემოქმედებითია. თამარი მოსწავლეებში ქართული ენისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გასაღვივებლად

  • აწყობს ლიტერატურულ სალონებსა და პოეზიის საღამოებს;
  • ატარებს ინტეგრირებულ გაკვეთილებს და ორგანიზებას უწევს კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად დაგეგმილ ვიზიტებს;
  • განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უფროსკლასელთა სასწავლო დავალებებს, ტექსტების რედაქტირებას, საგამოცდო რესურსების შექმნასა და მკითხველთა კლუბის საქმიანობას.

მისი ინტერესის მნიშვნელოვანი სფეროა ქართველური ენები და დიალექტები. თამარისთვის მშობლიური ენის განვითარება მხოლოდ გრამატიკული წესების სწავლებას არ გულისხმობს — ეს ენობრივი ცნობიერების ამაღლება, ენის მრავალფეროვნების გაცნობიერება და ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაფასებაცაა. 🌿

თამარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კოლეგიალურ მხარდაჭერასა და გუნდურ მუშაობას. პროფესიულ გზაზე მიღწეულ შედეგებში მნიშვნელოვან წვლილს ხედავს ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორისა (მანანა კვიციანი) და კოლეგების თანადგომაში (გამოარჩევს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კოლეგას, ნატო დავითიანს). მისი აზრით, მასწავლებლის განვითარება მაშინ არის განსაკუთრებით ნაყოფიერი, როდესაც ცოდნის გაზიარება და ურთიერთთანამშრომლობა საერთო მიზანს ემსახურება.

თამარისთვის წარმატება მხოლოდ პროფესიული მიღწევებით არ იზომება. ყველაზე დიდი სიხარული მოსწავლეების წინსვლა, მათი დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება და ისეთი შესაძლებლობების შექმნაა, რომლებიც მათ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში დაეხმარება. სწორედ ეს დამოკიდებულება აქცევს მის საქმიანობას ყოველდღიურ სამუშაოზე მეტ რამედ — მშობლიური ენის, განათლებისა და მომავალი თაობის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობად.🇬🇪💫

#MySchoolCom

*Myschoolcom-ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას