საქართველოში დევნილ პედაგოგებს პროფესიული საქმიანობისა და მომავალი თაობის აღზრდის განსაკუთრებული მისია აქვთ. მიუხედავად წარსულში გავლილი რთული გზისა და გამოწვევებისა, ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში არ უშინდებიან სირთულეებს.
ამის ნათელი მაგალითი მარიამ მამაგულაშვილია, ქალბატონი, რომელსაც პროფესიული კარიერის განმავლობაში, არასდროს მიუტოვებია საყვარელი საქმე — მიუხედავად მძიმე ცხოვრებისეული გარემოებებისა, მან იცოდა, რომ მისი მთავარი პასუხისმგებლობა ახალი თაობის გაძლიერება და განათლება იყო.

🏡 მარიამ მამაგულაშვილი 1970 წლის 14 ივლისს ქალაქ ცხინვალში დაიბადა. 1986 წელს წარმატებით დაამთავრა ცხინვალის მეოთხე საშუალო სკოლა, ხოლო 1987 წელს სწავლა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტში, დაწყებითი კლასების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე განაგრძო. ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 1991 წლიდან იგი იძულებით გახდა დევნილი.
მიუხედავად იმისა, რომ სახლ-კარის დატოვებამ სერიოზული სოციალური და ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაშე დააყენა, მან ძალები მოიკრიბა და პროფესიული საქმიანობა ახალ გარემოში, მოსწავლეების მომავლისთვის გააგრძელა. ჰყავს მეუღლე და შვილი.

🏫 მარიამის პედაგოგიური მოღვაწეობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის საჯარო სკოლას უკავშირდება, სადაც 1995 წლიდან დღემდე აქტიურად და დაუღალავად მუშაობს. წლების განმავლობაში იგი ასწავლიდა დაწყებით კლასებსა და რუსულ ენას.
2017 წელს გახდა გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების სერტიფიცირებული მასწავლებელი და მას შემდეგ დვანის საჯარო სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.

მარიამი იყო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი, სამეურვეო საბჭოს წევრი და ესთეტიკური კათედრის თავმჯდომარე. პედაგოგი მუდმივად ორიენტირებულია პროფესიულ ზრდასა და ინოვაციების დანერგვაზე. ის ქარელის მუნიციპალიტეტის წლის მასწავლებელი გახდა.
დუბაიში კი მოპოვებული აქვს ჯილდო: „განმანათლებელი მასწავლებელი“.
2025 წელს მარიამმა მონაწილეობა მიიღო კალიგრაფიის კონკურსში და მიენიჭა კალიგრაფის სახელი.

მისი ინიციატივით სკოლაში გაიხსნა რობოტიკისა და ხელოვნების წრეები, ხოლო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტის (T2Q) ფარგლებში, სკოლას STEAM ლაბორატორიული აღჭურვილობაც გადაეცემა.
🌍 პედაგოგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა ჩართვას საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნების, „მწვანე დედამიწისა“ და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამები. მარიამისთვის სწავლა და განვითარება უწყვეტი პროცესია.

🏆 მარიამ მამაგულაშვილის პროფესიული მიღწევები არაერთხელ დაფასდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 2019 წელს იგი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთა ჯგუფის კონკურსში „წლის საუკეთესო მასწავლებელი“ გახდა და „ხალხის რჩეულის“ სტატუსი მოიპოვა.

✨ გარდა ამისა, იგი არის გლობალური განათლების საზოგადოების „Teachers Community Georgia“-ს თანადამფუძნებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ფორუმსა და სამიტზე, მათ შორის აზერბაიჯანში, ბაქოში გამართულ გლობალური განათლების სამიტზე. მისი წვლილი გლობალურ განათლებაში დაფასებულია ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა AKS Education Awards.

მარიამ მამაგულაშვილის საქმიანობა წარმოადგენს პროფესიონალიზმის, თავდადების მაგალითს.
მან ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, საკუთარი შრომითა და ენთუზიაზმით გლობალურ წარმატებას მიაღწია და საზოგადოებას პროფესიული თავდადების საუკეთესო მაგალითი მისცა.
#Myschoolcom
*Myschoolcom-ის პუბლიკაციებში წარმოდგენილი ინფორმაცია და დეტალები სრულად ეფუძნება რესპონდენტის ინტერვიუსა და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას